მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღებენ იმ მიწებს, რომელსაც წლები ამუშავებდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ მოქალაქეებს გააფართოვონ ბიზნესი და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ.
„მოგეხსენებათ მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მთავრობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის საკითხი, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა, მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა ამ მიწებზე მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა. დღეის მდგომარეობით ბევრი მოთხოვნა მოდიოდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანები, რომლებიც პირნათლად წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწას, რომელსაც წლები ამუშავებდნენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასად, მაგრამ იმ ღვაწლის ფასად, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით ახორციელებდნენ. ეს მისცემს ამ მოქალაქეებს საშუალებას უფრო გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, - განაცხადა გახარიამ.