ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონს 10 ივლისს გახსნის.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში იფუნქციონირებს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე.
მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით ბაკურიანში (დიდველზე) მოწყობილია 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკი.
ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები გათვლილია, როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვის.
დამსვენებლებისათვის, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა იმუშავებს.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.
საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შექმნა შესაბამისი რეგულაციები, რომელიც მოიცავს: საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას, გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანის შეშვებას ჭადრაკისებური პრინციპით და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი, 4 ადგილიან საბაგიროზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები არიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით, საბაგიროში შესვლამდე კი გაიარონ თერმო სკრინინგი.