დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„5 ქვეყანასთან ფრენების აღდგების გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ევროკავშირმა 30 ივნისს მიიღო. ბუნებრივია, ეს ეფუძნება იმ კრიტერიუმებს და ფაქტორებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვაახლებთ და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, ზოგმა გარკვეული პირობით, ზოგმა უპირობოდ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება. ეს სია არ არის საბოლოო. ევროკავშირის გადაწყვეტილება აძლევს მოქნილობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორ კვირაში ერთხელ გადასინჯონ არსებული სია და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი ქმედებაც იქნება თანმიმდევრული, ჩვენც ჩვენს სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და კონსულტაციების შედეგად, ასევე ფაქტებზე დაყრდნობით რა მდგომარეობაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სია გაფართოვდეს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.