დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების" მარწუხებშია, საქართველოში მძვინვარებს კორუფცია, - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
ხაზარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების" მაჟორიტარები სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მაჟორიტარებს პირდაპირ აგებინებენ ტენდერებს და შემდგომ ე.წ ატკატების სახით თანხებს პარტიებს სწირავენ.
„მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მძინვარებს კორუფია, ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემები, სადაც ტენდერების 50 პროცენტში, ერთი კომპანია ღებულობს მონაწილეობას. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტენდერები პირდაპირი შესყიდვების გარეშე, აღარ არსებობს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ამას გავაუქმებთ, ამ მანკიერ სტრუქტურას.
ეს არის პირდაპირი კორუფცია, როდესაც „ოცნების“ მაჟორიტარებს პირდაპირ აგებინებენ ტენდერებს და შემდგომ ე.წ ატკატების სახით, ვითომ პარტიას წირავენ ამ თანხას, ამ მანკიერებას დავასრულებთ ჩვენ საქართველოში, გამიჯვნას გავაკეთებთ სუფთა და წესიერი ბიზნესის და პოლიტიკის, იმიტომ, რომ დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების" მარწუხებშია.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ძალიან ცდება. ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი და გამარჯვებული საქართველო, ამ ქვეყანაში ეს მანკიერი საბჭოთა მენტალობის სტრუქტურები უნდა დავშალოთ და შევქმნათ თანამედროვე",- აცხადებს ხაზარაძე.