„ჩვენი პროექტები და შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, თავად აღმოვაჩინოთ, რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად"

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ახლახანს დაასრულა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მუზეუმი 1985 წლის შემდეგ არ განახლებულა. სამუზეუმო კომპლექსისთვის ახალი ოთხსართულიანი შენობაში აშენდა, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია. უწყების ცნობით, მუზეუმში დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს

„პროექტში, დაახლოებით, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღჭურვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საექსპოზიციო ნაწილი, ძალიან მაღალი დონით არის აღჭურვილი საკვლევი აპარატურა, ასევე საცავები, რაც მისცემს საშუალებას ვანის მუზეუმს მოიზიდოს არა მხოლოდ მნახველი, არამედ მკვლევარიც. მუზეუმის განვითარება მისცემს საშუალებას ვანის მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა რეგიონების მოსახლეობას, ისარგებლოს ყველა არსებული პროგრამით. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გვაქვს არაერთი დაფინანსებისა და სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა იმ პროგრამის სუბსიდირების პაკეტით , რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გაარემონტონ სახლები, მოაწყონ „გესთ ჰაუსები“. „აწარმოე საქართველოს“ ტურისტული კომპონენტი უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურია, მაგრამ კოვიდის შემდეგ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ საგრანტო კომპონენტიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ და დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მთელი საქართველოს მასშტაბით არის განსაზღვრული 30 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებისთვის, ანუ ეს არ არის სესხი, ეს არის გრანტი, რომელზეც მოსახლეობამ შესაძლოა შეავსოს განაცხადი და შემდგომში მოახმაროს ეს თანხა როგორც კვების ობიექტების, ისე „გესთ ჰაუსების“ მოწყობას. ჩვენი ამოცანაა, ასეთი პროექტების განხორციელებით მივცეთ საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ შემოსავალი, ჩვენ კი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი ასეთი ადგილებით და ტურისტული ლოკაციებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ონშიც დაწყებულია ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ასევე მსოფლიო დონის მუზეუმი იქნება.

„იქაც მდიდარი კოლექციაა, დაახლოებით, 14 ათასი ექსპონატია ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან. არის მდიდარი ეთნოკულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური კოლექცია. ჩვენი პროექტები და ჩვენი შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, რომ თავად აღმოვაჩინოთ, თუ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვიქცეთ უცხოელი ტურისტებისთვის გიდებად“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.