Aston Martin-მა თავისი პირველი ყველგანმავლის წარმოება დაიწყო

„ასტონ მარტინმა“ თავის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის, მოდელ DBX-ის წარმოება დაიწყო. პირველმა DBX-მა უკვე დატოვა საწარმოო ხაზი. ეს არის ავტომობილი, რომელზეც ბრიტანული კომპანია, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეში, მფლობელი და ხელმძღვანელობა შეეცვალა, დიდ იმედებს ამყარებს.

2018 წლის შემდეგ, რაც „ასტონ მარტინის“ აქციები ბაზარზე გამოვიდა, მისი საქმეები გართულდა. ამის მიზეზი გაყიდვების კლება და ფულადი სახსრების ჭარბი ხარჯვა გახდა. საბოლოოდ, კომპანია, რომელიც ჯეიმს ბონდთან ასოცირდება, კანადელმა მილიარდერმა ლოურენს სტროლმა და მისმა კონსორციუმმა შეისყიდა.

DBX პირველი ავტომობილია, რომლითაც Aston Martin-ი ბაზრის ყველაზე მომგებიან სეგმენტში შეაბიჯებს. იქ მას სხვა ორი ბრიტანული კომპანია დახვდება - Bentley (რომელიც Volkswagen-ს ეკუთვნის) და Rolls-Royce (რომელიც BMW-ს ხელშია). გარდა ამისა, DBX-ს კონკურენციას Lamborghini-ს ყველგანმავალი Urus-იც გაუწევს.

„DBX არის ავტომობილი, რომლითაც Aston Martin-მა სრულიად ახალ ეპოქაში შეაბიჯა“, - განაცხადა ბრიტანული კომპანიის კრეატიულობის განყოფილების დირექტორმა მარკ რაიხმანმა.

ახალი ავტომობილის მიწოდება ამავე თვის ბოლოს დაიწყება. DBX-ს კომპანიის სენტ ეთანის ქარხანა (უელსი) აწარმოებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ქარხანამ მუშაობა მარტში შეაჩერა. მაისში კი ისევ ამოქმედდა. იმავდროულად, „ასტონ მარტინს“ ჯერაც გაჩერებული აქვს გეიდონის ქარხანა, სადაც თავის სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს.