საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, კუთვნილ საამქროში თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს აწარმოებდა.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.