ევროკავშირში კრიზისის შემდგომი ეკონომიკის აღდგენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, გახდება მთავარი პრიორიტეტი ევროჯგუფის ახალი თავმჯდომარისთვის პასკალ დონოჰიუსთვის.
ამის შესახებ მან ირლანდიურ ტელეკომპანია RTE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც ევროჯგუფის თავმჯდომარე, მე მოვინდომებ, რათა ევროზონის ქვეყნებს შორის კავშირები უფრო მყარი გახდეს, ხოლო ჩემი მთავარი პრიორიტეტი გახდება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ - განაცხადა დონოჰიუმ.
მან ასევე დადო პირობა, რომ გამოიყენებს ირლანდიის გამოცდილებას საკუთარ საქმიანობაში, „პატარა ზომის ქვეყნისა, რომელმაც ევროკავშირში წევრობის წყალობით განახორციელა მისი ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების ღრმა ტრანსფორმაცია“.
ევროჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოსტი ევროკავშირში ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პოსტებთან ერთად. დონოჰიუსთვის უპირველესი საქმე იქნება შეიმუშავოს ევროზონის ეკონომიკის აღდგენის გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ევროზონის ეკონომიკური ვარდნა წელს 8,7%-ს შეადგენს.
ირლანდიის ფინანსთა მინისტრი პასკალ დონოჰიუ ევროჯგუფის ახალ ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ აირჩიეს. ეს არის ევროზონის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების საბჭო. მან ამ პოსტზე პორტუგალიელი მარიუ სენტენუ ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილება 13 ივლისს იწურება. დონოჰიუს გარდა ამ პოსტზე კენჭს იყრიდა ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრი პიერ გრემენი და ესპანეთის ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ნადია კალვინიო.