ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომებისა და ასევე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით ამერიკული კომპანიები საკუთარი წარმოების ნაწილს ჩინეთიდან ვიეტნამში გადაიტანენ.
აღნიშნულის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ვაშინგტონსა და ჰანოის შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა.
„ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ისინი საერთო გეზის ფუნდამენტზეა ბაზირებული, მათ შორის ეკონომიკური გეზის“ - განაცხადა პომპეომ და ყურადღება გაამახვილა ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციებზე ვიეტნამში.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის შესანიშნავი შესაძლებლობები ჩინეთიდან მიწოდების ჯაჭვის ვიეტნამში გადატანით, ასევე იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება ბიზნეს-ლიდერებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ადგილი (იგულისხმება ჩინეთი) არის ზედმეტად სარისკო იმისათვის, რომ ამ ერთ წერტილში მოხდეს წარმოება და შემდეგ მიწოდება მთელს მსოფლიოში. ვფიქრობთ რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამით სარგებელს ნახავს“ - განაცხადა მან.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონების სახელმწიფოებისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა, ისე რომ კონკრეტულად საფრთხის დეტალები არ განუმარტავს.