ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად არის შეჩერებული, სხვა მონაკვეთებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, ისინი ძალისხმიერ მეთოდებს მოსახლეობის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ და მხოლოდ მათთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა.
„რუსთავის მაგისტრალზე, ჩვენ გვაქვს შეჩერებული მხოლოდ ერთ მონაკვეთზე სამუშაოები, სადაც სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან მოხდა აქტიური პროტესტი იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც იქ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გზის გაყვანა მათ საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ ამის გამო ჩვენ ძალისმიერი მეთოდებით ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას და მხოლოდ მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა. რაც შეეხება რუსთავის მაგისტრალის სხვა მონაკვეთებს, იქ სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, იქ სადაც ეს არის შესაძლებელი, სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. ამ ტრასაზე დასრულებული მონაკვეთებიც არსებობს უკვე, რომლის ექსპლუატაცია ხდება, უბრალოდ, შეიძლება არ არის აღნიშნული, რომ ეს იმ მაგისტრალის ნაწილია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.