კახეთის რეგიონში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, მათი სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისთვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
მათი ინფორმაციით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
„სურსათის ეროვნული სააგენტო საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს. კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში უკვე 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. აგრეთვე მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.