როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო დღეებში

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

Forbes-ის მიხედვით, Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 182,6 მლრდ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, 1,54 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა Amazon-ს კაპიტალიზაციაც. Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 4.8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ამასთან, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად კი, ბოლო დღეებში მისი ქონება 30 მლნ დოლარით არის შემცირებული. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება.

„ბლუმბერგს“ ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

თაია არდოტელი