ჩინელი ინვესტორი - ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ თურნავასა და მთავრობის წარმომადგენლებს მოწვევისთვის. ჩვენ გვაქვს პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარემ ჯეიმს ჰონგმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „გლობალ რისაიქლინგი“ ხობის მუნიციპალიტეტში პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. უწყებაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

„მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ არა მარტო გადავამუშაოთ პლასტმასის ნარჩენები, არამედ ვაწარმოოთ კიდეც გარკვეული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო საქართველოს ბაზარზე გავყიდით, არამედ ექსპორტზე გავიტანთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-დან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს,“ - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა.