კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი თავისი არსით წმინდა სამართლებრივი საკითხია და სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნას განხილული.
კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ ინტერპრეტაციებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე განაცხადა, რომ აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ცვლილებები უნდა შევიდეს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში და მას არანაირი კავშირი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
„სამართლებრივი მოცემულობა ასეთია: მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული, ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შემდეგი ტიპის სანქციები: 1. გაფრთხილება; 2. ჯარიმა - არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით; 3. დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმა - არანაკლებ 9 000 და არაუმეტეს 90 000 ლარის ოდენობით; 4. დარღვევის კვლავ აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - ჯარიმა არანაკლებ 27 000 და არაუმეტეს 270 000 ლარის ოდენობით; 5. ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, კანონის თანახმად კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეუძლია ავტორიზებული პირის პირველად დაჯარიმების შემდეგ. ანუ ისე, რომ არ დაელოდოს შემდეგ ჯარიმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. კერძოდ, ავტორიზებულ პირებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად ყოველთვის ეძლევათ გონივრული ვადა და ის დამოკიდებულია შესასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მიმართ გაფრთხილების და სამივე ჯარიმის გამოყენება დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და ავტორიზებულ პირებს აქვთ საკმარისზე მეტი დრო დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, ცვლილებების პაკეტი არ მოიცავს სანქციის ახალ სახეს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას სანქციების დაკისრება ისედაც შეუძლია, მათ შორის ისეთი მძიმე სანქციის როგორიც ავტორიზაციის შეჩერებაა.
„შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. დღეს არსებული კანონმდებლობაც (მაგ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) იცნობს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ისეთ მექანიზმებს, როგორიც არის: აღსრულება მესამე პირის მეშვეობით, ჯარიმა და უშუალო იძულება. კანონპროექტით შემოთავაზებული აღსრულების მექანიზმი სამართლებრივად წარმოადგენს უშუალო იძულების ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს. როგორც აღვნიშნე, არსებული კანონმდებლობა ისედაც იცნობს აღსრულების ამ მექანიზმს. უბრალოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს მხოლოდ ზოგადად ინსტიტუტს და არ შეიცავს მისი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს, ვინაიდან იგი დათქმას აკეთებს სპეციალურ კანონმდებლობაზე, სადაც უნდა გაიწეროს ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენების დეტალები. სწორედ ამ კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ მინიმუმ ოთხჯერაა სანქცირებული (გაფრთხილება და 3 ჯარიმა). აღსრულების შემდგომმა გადადებამ ან მეორეს მხრივ, ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის ჩამორთმევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. სპეციალური მმართველის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ყველა ამ მოცემულობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის წარდგენისას.
კახა ბექაურის განცხადებით, კომისიისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების ამ მექანიზმის არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ დგება მთელი საკომუნიკაციო ბაზარი.