2020 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან - დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. ამასთან, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება 2 მონიტორინგი - ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა 1 რეკომენდაცია.
„2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე - სხვადასხვა ინსტაციებში.
მომზადდა და გამოიცა 2 დოკუმენტი: პირველი – საავტომობილო საწვავის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მაისის შუალედური მიმოხილვა - COVID 19-ის პანდემიამ ნავთობის გლობალური ბაზრის მკვეთრი მერყეობა გამოწვია, გაანალიზდა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი – მსხვილი ქსელური და მცირე ქსელური კომპანიები ადეკვატურად რეაგირებდნენ გლობალურ ფასებზე და ბოლო წლებში, აღნიშნულ ბაზარზე კონკურენცია გაზრდილია.
მეორე - სადაზღვევო სექტორში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა და კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობა და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები.
კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, განხორციელდა 30-ზე მეტი აქტივობა. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მომხმარებელს წარედგინა სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, სადაც სრულად არის განთავსებული უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 4 კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძლიერდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები, ასევე ხდება ახალი კომპეტენციებით აღჭურვა,"-აღნიშნა ლექვინაძემ.