თხის რძე, ჭარხალი, ნახშირი, ენდრო - თავის მოვლის საშუალებები, რომელსაც „საპოვნელა“ ნატურალური პროდუქტებით ქმნის

თხის რძე, ჭარხალი, ნახშირი, ენდრო, კოსმეტიკური თიხა - ეს იმ პროდუქტების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც „საპოვნელა“ თავის მოვლის საშუალებების შესაქმნელად იყენებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი რუსუდან კბილაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის 100%-ით ნატურალური, 30-მდე სახეობის პროდუქტი, რომელიც ვიტრაჟული ტიპის სახლში, ხელით მზადდება.

„საპოვნელა“ ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხის ფერმის პარალელურად განვითარდა. ბრენდის დამფუძნებელი, სწორედ ამ ფერმის ერთ-ერთი მეპაიეა. როგორც რუსუდან კბილაშვილი ამბობს, პროექტზე მუშაობისას, იდეა მსოფლიოში განვითარებული ფერმების შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ გაუჩინა.

ცნობისთვის, ლეჩხუმში „გვესოს ფერმა“ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა და ამ დროისთვის უკვე 12-მდე დასახელების, გამორჩეული გემური თვისებების ყველი იწარმოება. როგორც რუსუდან კბილაშვილი ამბობს, ეს არის მთლიანად ბიო პროდუქტი, რომელიც „ბედნიერი თხების“, ანუ საძოვრებზე გაშვებული, ქართული ჯიშის შინაური ცხოველის რძისგან მზადდება. წარმოების პროცესში კი ისეთი სანელებლები ემატება, როგორიცაა: როზმარინი, წიწაკა, ჭინჭარი და ა.შ., რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

„საპოვნელა“ „გვესოს ფერმის“ პარალელურად შეიქმნა. როდესაც ვეძებდით ინფორმაციას განვითრებული ფერმების შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით, აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკაში ერთ-ერთ ფერმას ჰქონდა საპნების წარმოება. ძალიან გამიკვირდა, რადგან თავიდან ვერ მივხვდი რა შუაში იყო საპონი და ფერმა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თხის რძით დამზადებული საპონი და თავის მოვლის სხვა საშუალებები ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ძირადღირებულია. ფერმაში ერთ-ერთი მეპაიე ვარ, მაგრამ „საპოვნელა“ ჩემი დაფუძნებულია და ცალკე ბრენდია. უბრალოდ, პროდუქციაში ვიყენებთ თხის რძეს. თავიდან საპნებით დავიწყეთ, მაგრამ ახლა უკვე თავის მოვლის საშუალებების ძალიან ფართო არჩევენი გავქვს. სეზონური პრდუქტებსაც კი ვაწარმოებთ. მაგალითად, ძალიან მოთხოვანადია რუჯის მისაღები საშუალებები, ასევე დამატენიანებელი ბრჭყვიალა ზეთი. გვაქვს ძალიან ბევრი საცხები, თვალისთვის, სახისთვის, ტანისთვის, სკრაბები, ნიღბები და ა.შ. ჯამში 30-მდე სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. ახლა კიდევ ერთი პროდუქტის ჩაშვებას ვგეგმავთ, ეს იქნება ტერფის ნიღაბი. მუდმივად განვითრების რეჟიში ვართ და შესაბამის სიახლეებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს“ ,- ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისი თქმით, კონკრეტულად თხის რძე მხოლოდ საპნებში და რამდენიმე საცხში გამოიყენება, რაც შეეხება თავის მოვლის სხვა საშულებებს, მათი შემადგენელი ინგრედიენტებიც მთლიანად ნატურალურია.

„თხის რძეს ძირითადად საპნებში და საცხების ნაწილში ვიყენებთ. უბრალოდ, იდეა ფერმიდან წამოვიდა და ლოგოშიც თხა არის ინტეგრირებული. თუმცა, გვაქვს სხვა ხაზი, სადაც თხის რძეს არა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის იტალიური, ესპანური, ამერიკული აფრიკული წარმოების მცენარეული ზეთებს და კარაქს ვიყენებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უარს ვამბობთ ყველანაირ ხელოვნურ, ქიმიურ დანამატზე, კონსერვანტებსა თუ არომატიზატორებზე. მართლა 100%-ით ნატურალურია. ფერის კუთხით ვიყენებთ, კოსმეტიკურ თიხებს, ნახშირს, მინერალურ პიგტმენტებს, ჭარხალს, ენდროს და სხვადასხვა მცენარეებს, რომელიც თან სასარგებლოა და ამავე დროს შეფერილობასაც აძლევს. ვიყენებთ ისეთ მცენარეებს, რომელიც ბევრი თვისებებით არის მდიდარი. საპოვნელაც სწორედ ამიტომ ჰქვია. ეს არის ყვავილი იმერეთში და ასოცირდება ნატურალურთან, თან ქართული სახელია“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „საპოვნელას“ პროდუქტები ამავე დასახელების ბუტიკურ სახლში და რამდენიმე პარტნიორ სალონშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ გამოწერისა და ადგილზე მიტანის სერვისიც.

„ჩვენ უკვე შევძელით, რომ საკუთარი მაღაზია გვქონოდა ვაკეში, მრგვალ ბაღთან. სამწუხაროდ, სულ ახალი გახსნილები ვიყავით, როდესაც პანდემიამ შემოგვიტია და ცოტახნით დახურვა მოგვიწია. თუმცა, ახლა „საპოვნელას სახლმა“ ისევ გაანხლა ფუნქციონირება. ჩვენი გაყიდვებიც მეტყველებს, რომ მომხმარებელი არჩევანს ჯანსაღ პროდუქტზე აკეთებს.

გარდა ამისა, „საპოვნელას“ პროდუქტების რეალიზაცი ხდება ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის მეშვეობითაც. ასევე, გვყავს რამდენიმე პარტნორი სალონიც. თუმცა, ჩვენი ბუტიკური ტიპის მაღაზია არის ის, სადაც სტუმრობა ძალიან სასიამოვნოა. ეს არის საინტერესო ინტერიერის, სურნელოვანი სახლი, სადაც აბაზანა დგას, ძველი ავეჯი და სტუმართმოყვარე გარემოა. აქვე მზადდება ყველაფერი ხელით“,- ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „საპოვნელა“ 10-მდე ადამიანს ასაქმებს, სამომავლო გეგმებში კი, ბრენდის გაფართოვება და სხვადასხვა სახის პროდუქციის დამატება შედის.

„ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზრის ათვისებაზე ვფიქრობთ, რადგან მოთხოვნა დიდია. თუმცა, სხვა ქვეყნებიდანაც გვქონია შემოთავაზებები. კერძოდ, მონაწილეობას ვიღებდით საერთაშორისო გამოფენებში, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროდუქტებს. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, საზღვრებს გარეთაც გავიჭრებით“, - აღნიშნავს „საპოვნელას“ სამფუძნებელი.

ნინი ქეთელაური