სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2020 წლის ბოლომდე უჩვეულო სასტუმროს მოწყობა დამთავრდება, რომელიც კრუგერის ეროვნულ პარკში ხიდზე მდებარე გაჩერებულ მატარებელში განთავსდება.
CNN-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მისი დასრულება რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა წლის ბოლომდე სასტუმრო აუცილებლად გაიხსნება.
Kruger Shalati-ის აშენების იდეა კრუგერის ეროვნული პარკის ისტორიამ განაპირობა. პარკი 1920 წელს გაიხსნა, რა დროსაც მასში სასტუმროების არარსებობის გამო მის სტუმრებს ღამის გათევა მატარებლებში უწევდათ.
სასტუმროში სულ 24 ნომერი იქნება. თითოეული მათგანი მატარებლის ცალკეულ ვაგონში მოეწყობა. ამ დროისთვის სასტუმროში დარჩენის უფლება არ ექნებათ 12 წლამდე მოზარდებს, რადგან ჯერჯერობით ის მცირეწლოვნებზე სრულიად ადაპტირებული არაა. Kruger Shalati-ის ადმინისტრაციის თქმით, ასაკობრივი შეზღუდვა 2022 წლისთვის მოიხსნება, ამასობაში კი სასტუმრო ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხო გახდება.
ნომრების გარდა სასტუმროში ღია ტიპის საკმაოდ ექსტრემალური საცურაო აუზიც მოეწყობა, რომელიც ხიდს გარეთ, თითქმის ჰაერში იქნება გამოკიდებული.
რაც შეეხება ფასებს, Kruger Shalati-ში 1 ადამიანისთვის 1 ღამის გატარების საფასური 520 აშშ დოლარი იქნება, რომელიც სამჯერად კვებასა და ექსტრემალურ გასართობებს მოიცავს.