ტურიზმის განვითარების ინიციატივებისთვის სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ევროკავშირმა, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)” ფარგლებში, ტურიზმის განვითარების ინიციატივების დასაფინანსებლად, კონკურსი მესტიის, ლენტეხის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული კომერციული და არაკომერციული კომპანიებსა და ფიზიკური პირებისთვის ჩატარდება.

მათი ინფორმაციით, განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2020 წლის 3 აგვისტოა.

„პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში ბიზნეს გარემოს განვითარებას და შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობას წარმოაჩენს ისეთ ორ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა: სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტის აქტივობების 75% უნდა განხორციელდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერე, ჭიათურა). აპლიკანტის თანამონაწილეობა შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს და თითოეულ აპლიკანტს აქვს 5 000 - დან 50 000 - მდე ევროს ოდენობის გრანტის მიღების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.