ტრამპი ჯერ არ გეგმავს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების  მეორე ფაზის დაწყებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების მეორე ფაზის დაწყება ამ ეტაპზე, ნაკლებ სავარაუდოა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

„მე ამაზე არ ვფიქრობ“ - უპასუხა ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. მან აქვე დასძინა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები „სერიოზულად არის გაფუჭებული“.

შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზა მიმდინარე წლის 15 იანვარს ვაშინგტონში გაფორმდა. დოკუმენტზე ხელი ამერიკის მხრიდან დონალდ ტრამპმა და ჩინეთის მხრიდან ვიცე-პრემიერმა ლიუ ხემ მოაწერეს.

ამ შეთანხმების შედეგად ჩინეთი დათანხმდა, რომ შეიძენდა 76,7 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციას, შეთანხმების მოქმედების პირველ წელს. ხოლო 123,3 მილიარდის პროდუქციას შეთანხმების მეორე წელს. საუბარია, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, არამედ სხვა საქონელზეც. ტრამპის განცხადებით, შეთანხმებამ უნდა შეამციროს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.