ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
2019 წელს ტელევიზიების ჯამურმა შემოსავალმა 92.9 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 81.5 მლნ ლარი იყო.
კვლევის მიხედვით, ამ მონაცემებზე დიდი გავლენა ორმა კომპონენტმა მოახდინა - მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობამ და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა. კერძოდ, 2019 წელს შექმნილმა „მთავარ არხმა“ მფლობელისგან 4 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო; „ფორმულას“ მაჟორიტარული წილის მფლობელმა (დავით კეზერაშვილმა) 4.9 მლნ ლარამდე შესწირა, ხოლო ტელევიზიის „სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა“ 11.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც, როგორც თავად განმარტეს, ასევე კეზერაშვილის მიერ არხისთვის სესხის სახით გაცემული თანხაა.