თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მათი ცნობით, პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათების სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. განხორციელდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და ბუჩქები, დაითესება ბალახი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 221 ლარია გათვალისწინებული.
გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
„ამ ეტაპზე, გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობის სამუშაოებს ათ მისამართზე ახორციელებს. გარდა ამისა, გამგეობის მიერ, ბავშვთა გასართობი მოედნებიც ეწყობა, რომლის სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.