უხარისხო ბენზინის ან დიზელის საქართველოში შემოტანა, შესაძლოა, 30 ათას ლარიანი ჯარიმით დაისაჯოს

უხარისხო ბენზინის ან დიზელის საქართველოში შემოტანა, შესაძლოა, 30 ათას ლარიანი ჯარიმით დაისაჯოს.

ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.

საუბარია, პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებულ პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გუშინ პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააცნო დამსწრე დეპუტატებს.

წილოსანმა აღნიშნა, რომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

„სწორედ ამას ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ანდა დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ანდა დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმება,“-განაცხადა წილოსანმა.

თაია არდოტელი