შემოსავლების სამსახური - კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს.

„დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.