ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა სარეკლამო ბაზარსაც მიაყენა.
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაშია აღნიშნული. მათი ცნობით, სარეკლამო ბაზარი სენსიტიურ ბაზრად განიხილება და ეკონომიკური რყევები ყველაზე სწრაფად მასზე აისახება. ფინანსური კრიზისის დროს კომპანიები, პირველ რიგში, მარკეტინგისა და რეკლამის ხარჯებს ამცირებენ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე ამ ეტაპისთვის მაუწყებლების 2020 წლის პირველი სამი თვის შემოსავლების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მართალია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეკლამის მოცულობა 8.7%-ით გაიზარდა (13.8 მლნ ლარი შეადგინა), თუმცა, მარტში გასულ წელთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ რეკლამის კლება მეორე კვარტლის მონაცემებში უფრო მძაფრად აისახება. მათი განცხადებით, პანდემიის გამო, კომპანიების ნაწილმა ხელშეკრულებების შეჩერება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. სარეკლამო შემოსავლების კლება ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია.
„მაგალითად, „დი ეი სი კაპიტალში“, რომელიც „რუსთავი 2-ისა“ და „ტელეიმედის“ ჰოლდინგების რეკლამას ყიდის, ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში სარეკლამო შემოსავალი, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა, ხოლო ტელეკომპანია „პირველს“ აპრილში, დაგეგმილთან შედარებით, 55%-ით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. ამას იმით ხსნიან, რომ „დი ეი სი კაპიტალის“ სარეკლამო დამკვეთების უმრავლესობა დიდი საერთაშორისო კომპანიებია, რომელთა სარეკლამო დანახარჯებზე მიმდინარე პროცესები ნაკლებად აისახა, ხოლო ტელეკომპანია „პირველის“ - ქართული კომპანიები, რომლებმაც უფრო მეტად შეაჩერეს სარეკლამო ხარჯების გაღება.
რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, „რეგიონმედიამარკეტის“ ხელმძღვანელის, ლევან ალექსიშვილის, განმარტებით, რომელიც რეგიონული ტელევიზიების, ვებგვერდებისა და რადიოს რეკლამას ყიდის, შექმნილმა სიტუაციამ „რეგიონულ მედიას კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა“. მისი განცხადებით, თუ ნაციონალური არხების სარეკლამო შემოსავლების დიდი ნაწილი წლის დასაწყისში იგეგმება, მათ შემთხვევაში წლის დასაწყისში მხოლოდ 20%-ია დაგეგმილი, დანარჩენი 80%-ის შეკვეთები კი წლის განმავლობაში შემოდის. ამასთან, რადგანაც რეგიონულ არხებზე რეიტინგები არ იზომება, რეკლამის განთავსების კუთხით სარეკლამო კომპანიების პრიორიტეტი ნაციონალური არხებია, სადაც რეიტინგებზე დაყრდნობით, უფრო კარგად შეუძლიათ სარეკლამო მიზნების მიღწევა. შესაბამისად, მათთან განთავსებული რეკლამის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა,“-ვკითხულობთ ორგანიზაციის ინფორმაციაში.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) აცხადებენ, რომ covid 19 მაუწყებლების შემდეგი კვარტლების შემოსავლებზე აუცილებლად მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორის დაღმასვლის გამო, რომლის წილიც 2019 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.1% იყო.
თუმცა, GNCC-ში ვარაუდობენ, რომ 2020 წელს სარეკლამო ბაზარი მკვეთრად არ შემცირდება და პანდემიით გამოწვეული კომერციული რეკლამის კლებას საარჩევნო წელს ფასიანი პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავალი დააკომპენსირებს.