საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს 13 ივლისის სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.
კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში უნდა მოხდეს მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის მითითება: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.
პროექტის თანახმად, სემეკ-ს უფლება ეძლევა, ისეთი ინფორმაციის წარდგენაც მოითხოვოს, რომელიც ზემოჩამოთვლილ პუნქტებში არ არის მითითებული. შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი ხდება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება. კანონპროექტში მითითებულია, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება. კანონპროექტის ავტორი, სემეკთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.