„ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” -  კახეთში ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

კახეთის მხარეში მარცვლოვანი კულტურის, კერძოდ, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ფერმერთათვის დაგეგმილი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტრენინგის გახსნას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი, რომელმაც ფერმერებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის ხარისხის, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსავლის აღება-დაბინავების საკითხის მნიშვნელობას სოფლის მეურნობის განვითარებისთვის.

ტრენინგის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.