ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი ამერიკის უმდიდრესი ქალი გახდა

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი აშშ-ის უმდიდრესი ქალი გახდა. აღნიშნულის შესახებ Forbes იუწყება.

მაკენზი ბეზოსმა განქორწინების შედეგად, ივლისში კომპანია Amazon-ის აქციების 4% მიიღო. ქორწინების გაუქმების მომენტისთვის მათი ჯამური ღირებულება 38,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, პანდემიის დროს Amazon-ის აქციებზე ფასმა მკვეთრად მოიმატა, შედეგად, დღეისთვის მაკენზი ბეზოსის ქონება 62,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გამოცემის ცნობით, მან ამერიკის უმდიდრესი ქალების რეიტინგში ლიდერობა Walmart-ის ქსელის დამფუძნებლის ქალიშვილს, ელის უოლტონს ჩამოართვა, რომელიც ამ დროისთვის 57,3 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

თავად ჯეფ ბეზოსის ქონება კი ამ დროისთვის 188 მილიარდი დოლარია. ცოტა ხნით ადრე Forbes-მა განაცხადა, რომ ჯეფ ბეზოსი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც 180 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა.

კოკა კვირკველია