პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
"გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიარეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ. დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით:
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 219 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.