საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ-ი) მიმართვის საფუძველზე პარლამენტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.
„მთავრობას აქვს შესაბამისი განმარტება გაკეთებული, მარეგულირებელი კომისია წარმოდგენილია როგორც ორგანო, რომელმაც შემდგომ უნდა მოახდინოს რეაგირება აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე და შეითანხმოს წილის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის გარკვეული შესაძლო გარიგებები, რაც ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს ამ სექტორში. განსაკუთრებით ეს ეხებათ მცირე გაზის კომპანიებს. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მექანიზმი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება და საქართველოს პარლამენტი მუშა რეჟიმში არ იქნება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დროულ მიღებას საჭიროებს.
გაზის სექტორში არსებობს ძალიან მცირე ლიცენზიანტები, რომელსაც ახალი კანონმდებლობიდან და ლიცენზიის წესებიდან გამომდინარე აქვთ სურვილი მათზე უფრო ძლიერ კომპანიებს შეერწყან. ეს პროცესი მიმდინარეობს. უკვე გაკეთებულია აუდიტის შეფასებები. ამიტომაც უნდა არსებობდეს წესი, საიდან გამომდინარეც შევითანხმებთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს და დროში არ გაიწელება. შემიძლია რამდენიმე კომპანია დავასახელო, რომელთა შემოწმებაც დაქირავებული აუდიტორის მიერ არის გაკეთებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც „თბილისი ენერჯისთან“, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზთან“ შერწყმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
როგორც პარლამენტის თავმჯომარემ აღნიშნა, კანონპროექტს ერთ დღეს ორი მოსმენით განიხილავენ.
ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.
კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში უნდა მოხდეს მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის მითითება: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.
პროექტის თანახმად, სემეკ-ს უფლება ეძლევა, ისეთი ინფორმაციის წარდგენაც მოითხოვოს, რომელიც ზემოჩამოთვლილ პუნქტებში არ არის მითითებული. შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი ხდება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება. კანონპროექტში მითითებულია, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება. კანონპროექტის ავტორი, სემეკთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.