ქართული კომპანია არაპასტერიზებული კამბუჩას წარმოებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.
საწარმო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში შენდება.
კამბუჩა - ეს არის ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი, გამაგრილებელი სასმელი, რომლის თვისებაა დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლება. ბოლო პერიოდში, ის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით მოთხოვნად პროდუქტებში შედის.
East fruit-ის ინფორმაციით, კომპანია სასმლის დასამზადებლად ადგილობრივ ჩაის და სხვა ნედლეულის გამოყენებას გეგმავს.
„შეერთებულ შტატებში რამდენიმე კომპანია აწარმოებს პასტერიზებულ კამბუჩას, მაგრამ ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენი პროდუქტი იქნება არაპასტერიზებული, რაც მაქსიმალურად გაზრდის სასმლის სასარგებლო თვისებებს. ანუ, მომხმარებლები მიიღებენ მაქსიმალურად ბუნებრივ სასმელს, რომელიც უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს. მისი შენახვის ვადა კი, ერთ წლამდე იქნება“,-განაცხადა საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკაკი ადამიამ.
მისივე ინფორმაციით, წარმოებული პროდუქტი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ამასთან, პირველ ეტაპზე თვეში 30 000 ბოთლის (330 გრამიანი) წარმოება იგეგმება.
კომპანია პროდუქტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გაყიდის. ყველაზე პერსპექტიულად კი, პირველ ეტაპზე პოსტ საბჭოთა ქვეყნებს მიიჩნევს.