„გირჩი“ „ტესლას“ მარკის ავტომობილებს გაათამაშებს - რა შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას?

გირჩი“ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ტესლას“ მარკის ავტომობილებს გაათამაშებს. ამის შესახებ დღეს მათ მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, მათი ცნობით, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 2020 წლის 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივა და ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა ამომრჩეველი დარეგისტრირდეს გირჩის პორტალის girchi.com პროექტში - Tesla და 31 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი, რომელშიც გამოჩნდება უბნის ნომერი, ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

„გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ წელს, ახალი ცვლილებების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული გათამაშება.

გათამაშებისთვის განკუთვნილ ავტომობილებს „გირჩი“ შეიძენს იმ საბიუჯეტო დაფინანსებით მიღებული თანხებით, რომელიც პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ერგებათ. პარლამენტში მოხვედრის შემდგომ „გირჩის“ მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ამ სისტემის გაუქმებაა, რისთვისაც პარტია კანონპროექტის შეტანასაც გეგმავს. დაფინანსების გაუქმებამდე პარტია ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ამ მეთოდით გადასახადების გადამხდელებს დაუბრუნებს.

გათამაშებისთვის განკუთვნილი ავტომანქანების რაოდენობა დამოკიდებულია იმ საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობაზე, რამდენიც 2020 წლის არჩევნების შედეგად „გირჩისთვის“ იქნება გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია ,,გირჩი" და მისი ცალკეული პოლიტიკოსები მხოლოდ თავისი მხარდამჭერების შემოწირულობებით ფინანსდებიან.

დღეს ასევე „გირჩმა“ გამართა საკუთარი გაზეთის „მეტი თავისუფლების" პრეზენტაცია. გაზეთის გამომცემელია „აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“. ის 11 სხვადასხვა რუბრიკისგან შედგება და მთლიანობაში, 12 გვერდს მოიცავს.

გაზეთის ძირითადი მიზანი ინდივიდუალური თავისუფლების იდეის გავრცელება და მისი გაუმართლებელი შეზღუდვის მძიმე შედეგების მკითხველისთვის ჩვენება წარმოადგენს,“- აღნიშნულია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი