„თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა უკვე აღარ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ 3-5%-მდე არის ჩამოსული“

„თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა უკვე აღარ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ 3-5%-მდე არის ჩამოსული“, -ამის შესახებ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საქმე ეხება თხევადი აირის აქციზის ფასის ზრდას. კერძოდ, თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა (120 ლარი პლიუს 180 ლარი) და ერთეტაპიანზე (300 ლარიანზე) გადავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს თხევადი გაზის გაძვირებას გამოიწვევს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი მცირე და საშუალო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს თხევადი გაზის იმპორტს. ეს კომპანიები არიან ძალიან კონკურენტუნარიანი და გახსნილი. 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 300 -350 თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგური გაიხსნა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის ჩაკეტილი სფერო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადვილად შევიდეს და განახორციელოს ოპერირება.

დღეს თხევად აირზე დაახლოებით, 50 ათასი ავტომობილია, რომელიც საქართველოშია გადაყვანილი ბენზინიდან თხევად გაზზე. ამას უნდა დავუმატოთ არც თუ ისე მცირე რაოდენობა იმ ავტომობილების, რომლებიც არის ევროპიდან იმპორტირებული და თავისთავად მუშაობს თხევად გაზზე, აგრეთვე დაახლოებით 3000-4000 ავტომობილი, რომელიც არის კორეიდან იმპორტირებული და მუშაობს მხოლოდ თხევად გაზზე.

ეს პროცესი დაიწყო 2017 წელს და ძალიან რთულად, რადგან საქართველოში არანაირი ინფრასტრუქტურა შენარჩუნებული არ იყო. თუმცა, განვითარდა საკმაოდ ჯანსაღად და სწრაფად. დახლოებით, 2500 ადამიანია დასაქმებული. ეს იყო ძალიან სრაფად მზარდი სფერო“,-განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

კითხვაზე, დაბეგვრასთან დაკავშირებით მიღებული საკამომდებლო ცვლილების შემდეგ, არის თუ არა საფრთხე, რომ გარკვეულმა კომპანიებმა ბაზარი დატოვონ? ნიკა ხოფერია პასუხობს - „ამას აქვს უკვე ის შედეგი, რომ თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა უკვე აღარ ხდება. შეიძლება ითქვას, რომ 3-5%-მდე არის ჩამოსული. აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პარლამენტში იყო დაყენებული, რომ თითქოს, ეს ბუნებრივ გაზს უქმნის პრობლემას და იმიტომ უნდა გაიზარდოს. ბუნებრივი აქციზის ფასი არის 200 ლარი. ევროკავშირის დირექტივა გვეუბნება, რომ ბუნებრივ გაზზე და თხევად გაზზე აქციზის განაკვეთი უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე რაც არის აქციზის განაკვეთი, იგივე უნდა იყოს თხევად გაზე. შესაბამისად, 200 ლარი თუ არის აქციზის ფასი ბუნებრივ გაზზე (რაც მიმაჩნია, რომ მაღალია და ევროკავშირის დირექტივის მიხედვით უნდა იყოს 130 ლარი), თხევად გაზზე რატომ უნდა იყოს 50%-ით უფრო მეტი? და თუ შევადარებთ ბენზინის აქციზის ფასს, საერთოდ რაღაც აფსურდში გადავდივართ“.

ნინი ქეთელაური