პარლამენტი ხვალ ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება

პარლამენტში ხვალ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

კანონპროექტს ხვალ ჯერ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, კანონპროექტით მხოლოდ მისი მოქმედების ვადა იცვლება, ხოლო მუხლობრივი და პრინციპული ცვლილებები არ შედის. შესაბამისად, საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19 -თან ბრძოლის გზაზე საქართველომ მიაღწია გამორჩეულად პოზიტიურ შედეგს, ჩვენ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. სპეციალისტთა უმრავლესობა ადასტურებს, მოსალოდნელ მეორე ტალღას, ამისთვის ქვეყნები უკვე ემზადებიან. შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაც, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი", - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს.