ილონ მასკი: ტესლა მე-5 დონის ავტონომიური ტექნოლოგიების შექმნასთან ახლოსაა

შანჰაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას, „ტესლას“ შეფმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ახლოსაა მე-5 დონის ავტონომიური ტექნოლოგიის შემუშავებასთან. ეს ის დონეა, რომელზეც ავტონომიური სისტემით ეკიპირებულ ავტომობილს, ადამიანის ჩაურევლად უსაფრთხო მოძრაობა შეუძლია.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, მეხუთე დონეს, ანუ სრულიად ავტონომიურ მართვას მალე მივაღწევთ და ვფიქრობ, ეს ძალიან მალე იქნება. მე კვლავაც მჯერა, რომ მეხუთე დონის საბაზისო ფუნქციონალობას წელსვე მივაღწევთ“, - განაცხადა მასკმა.

კალიფორნიული კომპანია ასევე მუშაობს გასათბობ და გაგრილების სრულიად ახალ სისტემებზე, რომელთა საშუალებითაც, ავტომობილებზე მოწინავე კომპიუტერული სისტემების გამოყენება გახდება შესაძლებელი.

მიუხედავად ყველაფრისა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გარკვეული დრო იქნება საჭირო, სანამ საზოგადოებას სრულად ავტონომიური ავტომობილების მიმართ ნდობა გაუჩნდება. ამის მიზეზია თუნდაც ის ფაქტი, რომ „ტესლას“ დამხმარე ავტოპილოტის გამო, რამდენიმე ავარია მოხდა, რომელთაგან ზოგი ფატალურადაც კი დასრულდა.

გარდა ამისა, ავტონომიურ ავტომობილებს შესაფერისი ინფრასტრუქტურა დასჭირდება, რომელიც ავტომობილთან ურთიერთობას შეძლებს. გარდა ამისა, გზის ხარისხი და საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფა, ბევრ ქვეყანაში არ არის სათანადო დონეზე.