ბოლო რამდენი წელია, ჩვენს ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა პოპულარული გახდა.
ხელოვნების ეს ფორმა ხშირად სვამს სოციალური უთანასწორობის, ოკუპაციისა და ფემიციდის პრობლემებს. ასევე, ეხმაურება საზოგადოებისთვის საინტერესო მნიშვნელოვან მოვლენებს ან იქმნება წმინდა ესთეტიკური მიზნებითაც.
ზოგიერთი ნამუშევარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ხშირად წააწყდებით მათ ფონზე გადაღებულ ფოტოსურათებსაც. თუ ჩვენს ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა ფეხს ბოლო წლებია იკიდებს, ევროპასა და ამერიკაში ის ათეულობით წელია, საკმაოდ პოპულარულია და ზოგიერთი ნამუშევრის სანახავად ტურისტები სპეციალურადაც კი მიდიან-ხოლმე (მაგალითად, ლენონის კედელი პრაღაში).
საქართველოში კომპანიებმა თავიანთი ობიექტების სტენსილებით გაფორმება დაიწყეს, რაც მათ მეტ სიხალისეს სძენს. მაგალითად, დეველოპერული კომპანია „სეუ დეველოპმენტმა“, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებს ჯიქიასა და ვარკეთილში აშენებს, გადაწყვიტა, მცხოვრებლებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მუსია ქებურიასთან კოლაბორაციით, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში არსებული კედლები მოეხატა. შედეგად, გამწვანებულ და კომფორტულ გარემოსთან ერთად, ბავშვებსა და უფროსებს ფერადი და ცნობილი ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევარი დახვდებათ.
ქუჩის მხატვრობით დაკავებული ქართველი არტისტები ხშირად საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კომპლექსებს მხიარულ და ნათელ ფერებს სძენენ, მობინადრეებს უხალისებენ ყოველ დღეს და ახსენებენ, რომ სამყარო ძალიან ფერადი და საოცარია.
29 წლის მხატვარი მუსია ქებურია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც როგორ სოციალურ თემატიკაზე, ისე ესთეტიკური მიზნებითაც აფერადებს ქუჩებს.
მხატვარმა პირველად 2008 წელს მოხატა კედელი და მას შემდეგ აღარ შეუწყვეტია. საინტერესოა, რას ნიშნავს მისთვის, იყო ქუჩის მხატვარი და რომელი ნამუშევრები მოსწონს მას ყველაზე მეტად?
მუსია, თქვენი ძირითადი პროფესია ქუჩის მხატვრობაა თუ თავდაპირველად, სხვა მიმართულება გქონდათ არჩეული?
3 წლიდან ვხატავ და ფაქტობრივად, ბავშობიდანვე ვიცოდი, რა სფეროში მინდოდა მოღვაწეობა. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, პირველად 2008 წელს მქონდა კედლებთან შეხება და მას მერე არც შემიწყვეტია.
გრაფიკული დიზაინი აკადემიაში შედარებით ახალი ფაკულტეტი იყო, ბევრ ახალ და თანამედროვე საქმიანობას აერთიანებდა თუ ეხებოდა, მეც გადავწყვიტე მეცადა და გავყოლოდი, თუმცა საბოლოო ჯამში გამოდგა ისე რომ, გრაფიკულ დიზაინს მხოლოდ სტილისტიკურად თუ შეატყობთ ჩემს ნამუშევრებს. სხვა მხრივ, სფეროსთან ნაკლებად ვიკვეთები საქმიანობით.
თქვენი ნახატები არაერთ შენობას ამშვენებს და "ინსტაგრამზე" მათ ფონზე გადაღებულ ფოტოებსაც ვაწყდები ხოლმე. საკმაოდ პოპულარული ხართ. ძირითადად, რა თემატიკას ეხმაურებით თქვენი ნამუშევრებით? რა ნაწილი უჭირავს ქუჩის მხატვრობას თქვენს შემოქმედებაში?
ქუჩის და ზოგადად, კედლის მხატვრობას ბოლო რამდენიმე წელია ფაქტიურად წამყვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ყოველდღიური რუტინა და საქმიანობა ამ მიმართულებით ვითარდება. ძირითადად ვმუშაობ კომერციულ პროექტებზე, თუმცა პერიოდულად სულ ვცდილობ, მათ შორის ბევრი იყოს სოციალურ თემატიკაც, იქნება ეს ეკოლოგიური, ეკონომიკური, გლობალური თუ ყოველდღიური პრობლემები. ასევე, ვიღებ მონაწილეობას ქვეყნის შიდა და შეძლებისდაგვარად გარე „სთრით არტ“ ფესტივალებში.
გვიამბეთ თქვენი საყვარელი ნამუშევრისა და მისი შინაარსობრივი ნაწილის შესახებ.
იქიდან გამომდინარე რომ, ჩემთვის ნახატში ვიზუალთან ერთად იდეური ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია, შემიძლია ქუთაისში შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი დავასახელო, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებს ეხება. ნამუშევარი Unicef-თან და World vision Georgia-სთან კოლაბორაციით შეიქმნა.
მუსია, საინტერესოა ბოლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ. რას ეხებოდა ის?
ბოლო პერიოდში ვიმუშავე ერთ-ერთ სასიამოვნო პროექტზე - მოვხატე საბავშო სკვერის კედლები. „სეუ დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, პარკები სიმწვანე და საბავშო სივრცეები გვაკლია, პირველივე შეხვედრიდან ძალიან მომეწონა და მოტივაციით ჩავერთე ამ პროექტში, რაც გულისხმობდა 100 კვადრატულამდე ბეტონის ღობის მოხატვას. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი, სახალისო და რაც ყველაზე მთავარია, კომპლექსის მცხოვრებლებისათვის საინტერესო სივრცე გამოვიდა.
შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული მიმართულებით თქვენს მიზნებს უკვე მიაღწიეთ? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სიმართლე გითხრათ დრომ, სურვილმა და ბევრმა შრომამ მომიყვანა იქამდე, რომ სრულიად რეალიზებული ვყოფილიყავი იმ საქმეში და სფეროში, რომელიც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან ეს სფერო ბავშობიდანვე მქონდა არჩეული და დიდი ფიქრი და საკუთარი თავის ძებნა არ დამჭირვებია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველაზე დიდი და მთავარი მიზანი და გეგმა საქართველოს დატანაა მსოფლიო „სთრით არტ“ რუკაზე. ვეცდები, კედლების სიმრავლის თუ მასშტაბების გაზრდით, მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ამაში.