ტურისტული სეზონი ყაზბეგში და შეთავაზებები, რომელიც წელს ქართველ მოგზაურებს ელოდებათ

ყაზბეგი საქართველოს ტურისტული რუკის ერთ–ერთი მთავარი პუნქტია.

თბილისში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი ქვეყნის დათვალიერებას სწორედ ყაზბეგიდან იწყებს. მეორე მხრივ კი, ეს მხარე და გერგეთის სამება ქართველებისთვისაც ძალიან საყვარელი ადგილია. სწორედ ამ ორი მიმართულების თანხვედრა აქცევს ყაზბეგს ტურისტული მარშრუტების ცხელ წერტილად, რომლის მნახველთა რაოდენობა უკანასკნელი ათწლეულებია წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა 2020 წელი ყაზბეგისთვისაც უჩვეულოა აღმოჩნდა ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ტურისტული სეზონი ახლა იწყებს გააქტიურებას და ადგილობრივი სასტუმროები თუ გესთჰაუსებიც პირველ რიგში ადგილობრივ ტურისტებს ელიან. რეალობა ასეთია და ადგილობრივ ბიზნესსაც ამ რეალობაზე მორგება მოუწია. ყაზბეგის ტურისტულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე მეღვინეობა ხარებას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და კომპლექს „პორტა კავკასიას“ მარკეტინგის კონსულტანტი ვლადიმერ ციმაკურიძე გვესაუბრება.

რა ვითარებაა ამჟამად ყაზბეგში? როგორია ტურისტული დატვირთულობის მაჩვენებლი?

ზოგადად, ბოლო წლებში, ქვეყანაში ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად, ყაზბეგშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმის მასშტაბები. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ წლებში საკმაოდ მოიმატა შიდა მიგრაციამ, ხალხმა თბილისიდან დაბრუნება დაიწყო და საოჯახო სასტუმროები გახსნა. წლევანდელი წელი აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა Covid19-დან გამომდინარე. აღნიშნული მდგომარეობა მკვეთრად აისახა როგორც ჩვენი ტიპის, დიდ სასტუმროებზე, ისე გესთჰაუსებზე. ორიენტირება მოგვიწია ადგილობრივ ბაზარზე და ტურისტებზე. ჩვენი სტრატეგიის მთავარი ხაზი წელს ადგილობრივი ტურიზმის გამოწვევებზე მაქსიმალური ორიენტირებაა. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწოდება, რომ აღმოვაჩინოთ ის რაც ჩვენია, იქცა ჩვენი სამოქმედო და სამუშაო გეგმის უმნიშვნელოვანეს ნაწილად და ამოცანად, საქმიანობის სტრატეგიის დასახვისა და განსაზღვრის მხრივ.

ამ ეტაპზე როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების შეფარდება სასტუმროს ვიზიტორების საერთო მაჩვენებლებში?

გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტუმრების უდიდესი ნაწილი უცხოელები იყვნენ. საერთო ვიზიტორების დაახლოებით 80%-ს სწორედ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 20%–ს წარმოადგენდნენ ქართველები. წელს კი, როცა საზღვრები ჩაკეტილია, ადგილობრივ მოგზაურებს ველოდებით. როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანაში დაწყებულია აქტიური და მასშტაბური კამპანია სახელწოდებით - „აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის წვლილი ადგილობრივი ტურზმის განვითარებაში. ყოველწლიურად ქართველები საკმაოდ დიდ თანხას ვხარჯავთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და წელს ამ თანხის ნაწილი მაინც თუ დაიხარჯება საქართველოში, ტურისტული რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არ ეხება მხოლოდ ყაზბეგს. საქართველოს თითოეულ კუთხეს, რომლის მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალაც ტურიზმია, ახლა ჩვენივე განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ კი ნამდვილად საინტერესო შეთავაზებებით და უმაღლესი რანგის სერვისით ვუმასპინძლებთ Porta Caucasia-ში მოსულ თითოეულ სტუმარს.

რას ეტყვით მათ, ვინც ყაზბეგში მოგზაურობაზე ფიქრობს, რატომ არის ეს ადგილი ადგილობრივი ტურისტებისთვის საინტერესო?

ყაზბეგი ნამდვილად არის ადგილი, რომელიც იმსახურებს იყოს ერთ–ერთი პირველი, საიდანაც საქართველოს აღმოჩენა უნდა დაიწყოთ. როგორც ჩვენთან ჩამოსული სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, მისი მთავარი ხიბლი არის ის, რომ თბილისიდან სულ რაღაც 150 კილომეტრი გზაა, რომლის გავლასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება. შედეგად კი თქვენ აღმოჩნდებით სტეფანწმინდაში, გასაოცარ ადგილზე, რომელიც ნებისმიერ სტუმარს აოცებს თავისი ბუნებით, სიდიადით, ჰაერით და თავისუფლების შეგრძნებით. ყაზბეგში შესაძლებელია ერთდღიანი ტურის მოწყობა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ერთი დღე საკმარისი ნამდვილად არ არის ამ საოცრების ბოლომდე შესაგრძნობად, რადგან აქ გელოდებათ მყინვარწვერი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, ჯუთა, თრუსოს ხეობა. მათ, ვინც ამ მხარეში აპირებს მოგზაურობას, ვურჩევ სტეფანწმინდაში, სასტუმრო Porta Caucasia-ში დაბინავდნენ და აქედან დაიწყონ მაღალმთიანი საქართველოს გაცნობა და აღმოჩენა. ჩვენ კი ტურების ორგანიზებაში და ტრანსპორტირებაში დავეხმარებით ჩვენს სტუმრებს.

სასტუმრო „პორტა კავკასია“ რა მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს?

„პორტა კავკასია“ არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მისი სახელი „პორტა კავკასია“ კავკასიის კარიბჭეს ნიშნავს და ეს ადგილი მართლაც საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭეა. აქ მოსულ სტუმარს დახვდება ბუნების ენითაღუწერელი სილამაზე, საუკეთესო დასვენებისთვის აუცილებელი ეკოლოგია, სიმშვიდე და მაღალმთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელი ისტორიის სიდიადე. ჩვენი სასტუმრო მოიცავს 33 ნომერს, ღია და დახურულ ვერანდებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, სპა ცენტრს, სპორტ-დარბაზს, საკონფერენციო დარბაზს, სილამაზის ცენტრს, ღვინის მაღაზიას.

„პორტა კავკასია“ ყაზბეგის ცენტრში მდებარეობს და მისი ვერანდებიდან, ნომრებიდან, ულამაზესი პანორამული ხედები იშლება გარშემო შემორტყმულ კავკასიონის დათოვლილ ქედებსა და მყინვარებზე. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრო ერთ სივრცეში უყრის თავს, სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და მოლოდინების მქონე ტურისტებისთვის სასურველ მიმართულებებს: სამთო და სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეთნო ტურიზმი... შესაბამისად ამ მხრივ იდეალური გარემო იქმნება, როგორც საოჯახო, ასევე სათავგადასავლო დასვენების მოყვარული ჯგუფებისთვის, რომ სწორედ „პორტა კავკასიაში“ იპოვოს თავის ინტერესებისთვის, სურვილებისა და მოლოდინებისთვის შესაფერისი გარემო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასტუმრო სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად დაცულია სტუმრებისთვის. ამასთან ერთად კი დღესდღეობით ისიც უმნიშვნელოვანესია, რომ ყაზბეგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ გამორჩეულ მწვანე ტურისტულ ზონად არის მიჩნეული.

როგორია ამჟამად „პორტა კავკასიაში“ განთავსების ღირებულება?

Porta Caucasia-ში დაბინავება 180 ლარიდან არის შესაძლებელი 1 ღამით 2 ადგილიან აპარტამენტში. კომპლექსს აქვს საოჯახო ნომრები, რომლითაც სტუმრები განსაკუთრებულ ფასად შეძლებენ სარგებლობას. ასევე გვაქვს სხვადასხვა პაკეტური შეთავაზება, რომელიც დამოკიდებულია დამსვენებლათა რაოდენობასა და ჩვენთან გაჩერების ხანგრძლივობაზე. ასეთი პაკეტებია თუნდაც ნომრის ღირებულებაში შემავალი საექსკურსიო ტურები, ღვინის სადეგუსტაციო საღამოები, უფასო სპა ცენტრი და სხვა.

საუკეთესო ხინკალი მთაში მზადდება და რესტორნები სწორედ მაღალმთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელი კულინარიით იზიდავენ სტუმრებს. თქვენ კი ახესენეთ, რომ ევროპული რესტორანიც გაქვთ. როგორია მოთხოვნა ადგილობრივ და ევროპულ კერძებზე?

ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ Porta Caucasia-ს სამაზრეულო მთელ რეგიონში გამორჩეული და ცნობილია თავის უგემრიელესი კერძებით. ამას ყაზბეგის ნებისმიერი მცხოვრებიც დაგიდასტურებთ. ხევში ყველაზე გემრიელი კერძები და მათ შორის მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - ხინკალი სწორედ „პორტა კავკასიაში“ მზადდება, რომლის დასაგემოვნებლად, სტუმრები, ხშირად გუდაურიდან, ფასანაურიდან და ყაზბეგის შემოგარენიდან სპეციალურად მოდიან. გარდა ამისა სტუმრებს ვთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ადგილობრივ კერძს, როგორიცაა ხაბიზგინა, ფხალი, წვნიანი ქონდრიანა და სხვა.

პარალელურად, სასტუმროში ევროპული რესტორანი „ლიგურია“ ფუნქციონირებს, რომელიც მრავალფეროვანი ევროპული კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს. ქართულ კერძებს ყველა ჩამოსული ტურისტი აგემოვნებს, თუმცა კარგად ვიცით, რომ ქართული სამზარეული მეტ-ნაკლებად მძიმეა, ამიტომ ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივ მოგზაურს მაქსიმალური კომფორტი რომ შევუქმნათ, ევროპულ კერძებსაც ვთავაზობთ. აქვე იმასაც გეტყვით რომ ჩვენს კერძებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპლექსმა საკუთარი მიტანის სერვისიც აამოქმედა. შესაბამისად, ყაზბეგისა და ახლომდებარე ლოკაციის მაცხოვრებლებს, სტუმრებსა და ტურისტებს უკვე შეუძლიათ დისტანციურად შეუკვეთონ Porta Caucasia-ს სამზარეულოს კერძები და ისარგებლონ სწრაფი მიტანის სერვისით.

რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებასაც უწყობთ ხელს, რაც ამ მხარისთვის უჩვეულოა. როგორია ამ მხრიც თქვენი შეთავზება, რას ნახავს ქართული ღვინით დაინტერესებული მოგზაური ყაზბეგში?

ღვინის ტურიზმის მოყვარულთათვის სასტუმროში „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის ენოთეკაა წარმოდგენილი, სადაც თანამედროვე ღვინის შოუ-რუმებისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, საოცრად ორიგინალური, საქართველოს რუქის ფორმის ღვინის ნიშა, სადეგუსტაციო კუთხე და ხარებას 50-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. „მეღვინეობა ხარებას“ ბოთლისა და ჩამოსასხმელი ღვინოების პარალელურად მაღაზია სტუმრებს ექსტრა-პრემიუმ კლასის ბრენდის, „ლიპარტიანის“ ღვინოსა და სხვა უნიკალურ ვაზის პროდუქტებს სთავაზობს.

ღვინის ტურის ფარგლებში ვაწყობთ დეგუსტაციებს სტუმრების სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით. ჩვენთან შესაძლებელია მოისმინოთ საინტერესო ფაქტები ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე და დააგემოვნოთ ისეთი უნიკალური ღვინის სახეობები, როგორებიცაა „ოცხანური საფერე“, კრახუნა, ხიხვი, უსახელოური, ხვანჭკარა და კიდევ 50-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინო.

და ბოლოს რას ურჩევდით ქართველ დამსვენებლებსა და ტურისტებს წლევანდელ სეზონზე?

ალბათ დამეთანხმებით, რომ წლევანდელ სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა, დატვირთვა და თავისებურებები აქვს, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ტურისტული ბიზნესისთვის, სწორედ ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა გავუზიარო ჩემი მთავარი სათქმელი: მოდით ყველამ ერთად დავისახოთ წელს მიზნად, რომ აღმოაჩინოთ ის რაც ჩვენია, რაც ყველაზე განსაკუთრებული და საამაყოა, ვიმოგზაუროთ ჩვენივე ქვეყანაში, გავეცნოთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს - ყაზბეგს, შევაღოთ კავკასიის კარიბჭე, იგივე „Porta Caucasia-ს კარი, საიდანაც მართლაც იწყება დიდი და დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენი ულამაზესი ქვეყნის, საქართველოს აღმოსაჩენად!..