2020 წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 497,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 259,7 ათასი ტონა - შედარებით 15,6 ათასი ტონით ანუ 6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 253,8 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 234,6 ათასი ტონა - შედარებით 19,2 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით).

“ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 176,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%), აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%), თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%), ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%); საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%), ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%), ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%); შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საწვავის იმპორტი გაიზარდა პანდემია Covid-19-სა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვების მიუხედავად. ყოველივე ეს კი, ჩვენი აზრით, განპირობებულია იმით, რომ კარანტინი უფრო დიდი ხნით არ გაგრძელდა და რიგი ეკონომიკური დარგები შედარებით ადრე გაიხსნა.

საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.