„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობამ შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172 ლარი დახარჯა, რაც წინა წლების მონაცემებზე 2.3-ჯერ მეტია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს მოიცავს.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22,628,030.81 ლარს წარმოადგენს, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო - 19,235,141.71 ლარს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს; სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა; წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო; ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, 2018-2019 წლებში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.

„2018 წელთან შედარებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯები 2019 წელს გაიზარდა: თუ 2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 53-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ - 56-ჯერ იმყოფებოდნენ, 2019 წელს ამ რიცხვებმა 54-მდე და 64-მდე აიწია, შესაბამისად. თვალში საცემია აჭარის მთავრობის აპარატის სამივლინებო ხარჯების სხვაობა: 2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 297-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ 21-ჯერ იმყოფებოდნენ. 2019 წელს ქვეყნის შიგნით მივლინებათა რიცხვი 401 გახდა, ხოლო ქვეყნის გარეთ - 29“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.