Google აპირებს 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ინდოეთის ციფრულ ეკონომიკაში

ამერიკული კორპორაცია Google მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ინდოეთის ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ დაწერა.

„დღეს ღონისძიებაზე Google For India ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი 10 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე, რომლის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება ინდოეთის ეკონომიკაში“ - დაწერა პიჩაიმ და აქვე მადლობა გადაუხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის მისი ხედვის შესახებ ინდოეთის ეკონომიკის გაციფრულებაზე.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ინვესტიციები კონკრეტულ მიმართულებებს მოხმარდება. მათ შორის საუბარია, ინდოეთის თითოეული მოსახლისთვის ინფორმაციის წვდომაზე მშობლიურ ენაზე, ასევე ახალი პროდუქციისა და მომსახურების სფეროების შექმნაზე, რომელიც მორგებული იქნება ინდოეთის უნიკალურ საჭიროებებს. ასევე განიხილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.

კოკა კვირკველია