ბრიტანეთმა შესაძლოა, Huawei-ს მომსახურებაზე უარი თქვას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საბოლოოდ დათანხმდება მმართველი კონსერვატიული პარტიის სურვილს და მომავალი წლიდან უარს იტყვის ჩინური კომპანია Huawei-ის მოწყობილობების გამოყენებაზე, ქვეყანაში 5G ქსელის განვითარებაში.

ამის შესახებ გაზეთი The Daily Telegraph იუწყება და დასძენს, რომ გადაწყევტილება დღეს გამოცხადდება.

გამოცემა წერს, რომ ორშაბათს 60-მა კონსერვატორმა-დეპუტატმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, დაასახელოს თარიღი, თუ როდის იტყვის უარს ბრიტანეთი ჩინური კომპანიის მოწყობილობების გამოყენებაზე. გამოცემა დასძენს, რომ პრემიერთან ამ საკითხზე 13 ივლისს 11 საათი მსჯელობდა ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მასმედიისა და სპორტის მინისტრი ოლივერ დაუდენი.

სამშაბათს ეს თემა განსახილველად იქნება გატანილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას Huawei-ის მომავალზე. სხდომიდან მალევე დაუდენი ვალდებულია გადაწყვეტილება გააცნოს პარლამენტს.