„საქპატენტი“ - 60 000- მდე ტერმინი ქართულ ენაზე - სასაქონლო ნიშნის დაცვა საზღვარგარეთ გამარტივდა

„საქპატენტი“ ინფორმაციით, დღეიდან, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნების საძიებო ინსტრუმენტში, TMClass-ში, საქონლის და მომსახურების 60 000-მდე ტერმინი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ქართველ და უცხოელ განმცხადებელს მისცემს შესაძლებლობას ავტომატურ რეჟიმში მოიძიოს, თარგმნოს ქართულ ენაზე და ქართული ენიდან სხვა 44 ენაზე საქონლის და მომსახურების ნებისმიერი ტერმინი სასაქონლო ნიშნების განაცხადის წარსადგენად.

„60 000-მდე საქონლისა და მომსახურების ტერმინი ინტეგრირდა TMClass-ის ჰარმონიზებულ მონაცემთა ბაზაში (HDB), რომლის ტერმინები გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნების, ასევე იაპონიისა, აშშ-ს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, სამხრეთ კორეისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უწყებების მიერ. შესაბამისად, აღნიშნული გაუმარტივებს ქართველ განმცხადებლებს საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშნის დაცვის პროცედურას.

დღემდე TMClass-ში ქართულ ენაზე მხოლოდ სასაქონლო ნიშნების ნიცის კლასიფიკატორის ტერმინთა მოძიება იყო შესაძლებელი. HDB-ის ტერმინების ქართულ ენაზე თარგმნა და TMCLass-ში განთავსება საქპატენტისა და EUIPO- ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და „ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP)“ ფარგლებში განხორციელდა. EUGIPP-ი მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი ინსტიტუციების გაძლიერებას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას და ჰარმონიზაციას. ის ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებითა და EUIPO-ს მხარდაჭერით,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, EUIPO არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის მართვაზე და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს.