Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ივნისში 2,117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ მეტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების ტენდეცია მცირდება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წლის ივნისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 37%-ით არის შემცირებული. კვლევის ავტორთა აზრით, ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძელდება, რაც ნაწილობრივ განპირობებული იქნება ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით.
„ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს. განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე არსებულ დეველოპმენტებს და იმ კონტრაქტებს, რომლებიც მცირე ავანსითაა ნაყიდი. დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები.
„მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლოებით, 11 500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან,“-ვკითხულობთ კვლევაში.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე