რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომელსაც ირაკლი დუმბაძე და მისი ადვოკატი ავთანდილ თეთრაშვილი გამოეხმაურნენ.
ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ დასკვნა „დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია”.
“მე, ირაკლი დუმბაძეს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მაქვს ერთადერთი სურვილი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ მიწევდეს უსამართლობასთან, ჩაგვრასთან და ძალმომრეობასთან ბრძოლა, მქონდეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების ნდობა და პატივისცემა, მე და ჩემს ოჯახს მოგვეცეს მშვიდ გარემოში არსებობის საშუალება. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევს ჩემი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ ჩვენს ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ცხოვრება, რომელიც უზარმაზარი ფინანსური თუ გავლენითი რესურსებით ცდილობს ჩვენს შეურაცხყოფას და დაჩაგვრას. ეს, ეგრეთწოდებული „დასკვნაც“, ჩემი შეფასებით, დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და სამწუხაროდ, არა ერთადერთი. ვინ, თუ არა მე, კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას და ვიცი მისი სტილი, 90-იანი წლების, მაფიოზური სტილი, რომელსაც დღემდე წარმატებით იყენებს. დავით ზეიკიძე დღემდე, პირდაპირ და საჯაროდ ცდილობს ჩემთან არსებული სამართლებრივი დავის სასამართლოს გვერდის ავლით „მოგვარებას“ და შემდეგ სასამართლოში „გაპრავებას“.
დღეს, როდესაც დავით ზეიკიძე სხვადასხვა უკანონო გზებით ცდილობს ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და მოტყუებით ხელში ჩაგდებული ქონების მისაკუთრებას, მე, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ხმამაღლა მივმართო საზოგადოებას, სასამართლოს, ყველა ლეგიტიმურ ორგანოსა თუ პირს, რომ თუ დღეს მე დამერღვა სამართლიანობა, ეს შეუქცევადად მოხდება ხვალ ნებისმიერის მიმართ, ხოლო სამართლიანობა რომ მშვიდობის უპირობო საწინდარია ეს ყველას კარგად უნდა მოგვეხსენებოდეს!,”- აღნიშნავს ირაკლი დუმბაძე.
მისივე ადვოკატის, ავთანდილ თეთრაშვილის განცხადებით კი ორგანიზაციის მიერ დასკვნაში მხოლოდ რამდენიმე მტკიცებულებაა გამოყენებული და ამასთან, ერთ-ერთი მათგანი, იმგვარადაა დამახინჯებული, რომ მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სასარგებლო ფაქტს, მოპასუხის სასარგებლოდ წარმოაჩენს.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვლევა უნდა ეფუძნებოდეს როგორც განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, ასევე სისტემურ და კონკრეტულ სამართლებრივ ანალიზს, პრცედენტული სამართლის გააზრებას და ამა თუ იმ სამართლებრივი ინსტიტუციის შინაარსის გადმოცემას.
ორგანიზაციის მიერ უსისტემოდ ამოკრეფილი იქნა რამდენიმე მტკიცებულება და ყოველგვარი იურიდიული ლოგიკისა და თანმიმდევრულობის გარეშე დასკვნაში „ჩაყრილი“, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, იმგვარად იქნა დამახინჯებული, რომ მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სასარგებლო ფაქტს, მოპასუხის სასარგებლოდ წარმოაჩენს.
ძვირფასო „მკვლევარებო“, წესით, თქვენ, ობიექტურად და კვალიფიციურად უნდა განგეხილათ და შეგეფასებინათ სასამართლოს მიერ განხილული და შეფასებული ის მტკიცებულებები, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ და რაზედაც მხარეები აგებენ საკუთარ პოზიციებს, შეგეფასებინათ სასამართლოს მსჯელობა და არგუმენტები და ამის საპირისპიროდ, კონტრარგუმენტებით გაგებათილებინათ სასამართლოს ის დასკვნები, რომელსაც არ ეთანხმებით. ამ კუთხით, სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან სრულ კვალიფიციურ ჩავარდნას აქვს ადგილი“,- აღნიშნავს ადვოკატი.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე დასკვნა გაავრცელეს, რომლის თანახმადაც საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
სტატია სრულად იხილეთ ბმულზე.