ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად, წელს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა , - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება ანგარიშგების პროცესს საგრძნობლად ამარტივებს და უფრო ეფექტიანს ხდის.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმა reportal.ge-ის მეშვეობით, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსური ინფორმაციას. ვინაიდან, აღნიშნული ანგარიშგების სისტემა, სექტორებისა თუ საწარმოების მიხედვით სტანდარტიზირებულ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, იგი სხვადასხვა მიმართულებით კვლევების, სტატისტიკური ანალიზის ან სხვა სახის შეფასებების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ყოველივე ეს კი, ხელს უწყობს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდასა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის სარგებლის დემონსტრირებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის, 2020 წლის 15 ივლისს ონლაინ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიების მონაწილეები აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებს გააცნობენ. კერძოდ, პრეზენტატორები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ჭრილში მნიშვნელოვანი ფინანსური და არაფინანსური მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრებენ.
აღნიშნული ღონისძიების პირველ სესიაზე, კორპორატიული სექტორის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სალომე სხირტლაძე.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციების, კაპიტალისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასასწრები ბმული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სოციალურ ქსელში განთავსდება.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.