აჭარაში შემოწმება 180-მდე სასტუმრომ გაიარა

აჭარაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესიგრძელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები. განთავსების ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს ამ ეტაპზე, აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალზე - Gobatumi.com არის განთავსებული. არსებული სია ყოველდღიურად განახლების პროცესშია და მას ეტაპობრივად ემატება ახლად შემოწმებული სასტუმროები.

რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული ატრაქციებიც. 3-თვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლა ბათუმის საბაგირომაც, რომელიც შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე იმართება. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც.