ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის საპირფარეშოში წერილი იპოვეს, სადაც ეწერა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
თვითმფრინავი კრაკოვი-დუბლინის რეისს ასრულებდა. მოხდა მისი გადამისამართება ბრიტანეთის სთანსთედის აეროპორტში, რათა პოლიციის თანამშრომლებს თვითმფრინავი შეემოწმებინათ.
თვითმფრინავი აეროპორტამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ორმა თვითმფრინავმა მიაცილა. შემთხვევა ორშაბათს მოხდა. თუმცა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პოლიციის განცხადებით, ბორტზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად, დაკავებულია ორი მამაკაცი, რომელთა ასაკია 26 და 47 წელი.
მომხდარის შედეგად, ყველა მგზავრის გადმოსვლა თვითმფრინავიდან წარმატებით განხორციელდა.