ბოლო 11 სავაჭრო სასესიო დღიდან 9 სესიის განმავლობაში ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს კოტირებები მუდმივად იზრდებოდა.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის კაპიტალიზაცია 3,5-ჯერ 286,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად კი მისი კაპიტალიზაცია ამ დროისთვის აღემატება Bank of America და American Express-ის კაპიტალიზაციას ერთად აღებულს.
Tesla-ს აქციებზე ორშაბათის ვაჭრობისას ფასი 3,1%-ით 1 497 დოლარამდე შემცირდა 1 ცალ აქციაზე, თუმცა სესიის განმავლობაში კომპანიის კოტირებების ზრდა 16%-ს აღწევდა. ამასთან, კომპანიის აქცია უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე Alphabet-ის აქციები -წერს MarketWatch-ი.
ცალკეულ ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კომპანია მიმდინარე წელს მოგების შესახებ გამოაცხადებს, ეს კი მას საშუალებას მისცემს, გახდეს ინდექს S&P 500-ის პრეტენდენტი, რაც კიდევ უფრო მეტად გააქტიურებს მისი აქციებით ვაჭრობას.
Tesla მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენას 22 ივლისს გეგმავს.
იმისთვის, რომ კომპანია მოხვდეს S&P 500-ში, მან მოგების ფიქსირება უნდა შეძლოს ზედიზედ ოთხი კვარტლის მანძილზე. Tesla-მ შეძლო მოგების მიღება ზედიზედ სამი კვარტალი, რაც ამ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია მისთვის.
მას აქვს შანსი, გახდეს მე-13 უმსხვილესი კომპანია ინდექსის კომპონენტებს შორის და განლაგდეს JPMorgan Chase-ის შემდგომ პოზიციაზე, რომლის კაპიტალიზაცია 293,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.