სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგისთვის შერჩეული იქნა 20 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომლებსაც აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. ტრენინგები ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსგავსი ტრენინგების განხორციელება ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლებას და მნიშველოვანია გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შემცირებისათვის.

,,სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა აღნიშნულ სექტორში პროცესების მუდმივად განახლების შესახებ, რაც გულისხმობს პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს, რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.

2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება იმ ტექნიკოსებზეც, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს.

სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. 2018 წლიდან დღემდე ცენტრმა უზრუნველყო 113 ტექნიკოსის სერტიფიცირება “, - ნათქვამია ინფორმაციაში.