„მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ უპირატესობა.

კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და თანხები სჭირდება, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია.

„მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების შემოყვანა და მეტროსადგურების განახლება. ამას რა თქმა უნდა, გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ნაბიჯები გადადგმულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ზონალურ-საათობრივი პარკირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საპილოტე პროექტმა კოტე აფხაზის და ორბელიანის ქუჩებზე გაამართლა და ახლა საჭიროა განისაზღვროს თბილისის სხვა რაიონები, სადაც დაინეგრება იგივე პარკირების სისტემა.

"მინდა შევეხო ასევე ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა“, - განაცხადა კალაძემ.