კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება. კალაძის თქმით, მერია არაერთხელ შეხვდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინა მათი პრობლემები.

„თბილისის მერიამ კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ მათაც, ეს რთული პანდემიის პერიოდი გამოიარონ ყოველგვარი დიდი ზეწოლის გარეშე. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას, დაფინანსებებს იმისთვის, რომ ზოგადად კულტურის სფეროს დედაქალაქში ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.